X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

30 დეკემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, მომზადდა 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგია ეფუძნება 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან ხედვას.

სტრატეგიის მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება. 

სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტი ჩართულობა,  გაზარდოს მუნიციპალიტეტების როლი საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაწყვეტასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. 

პროცესის მხარდაჭერის მიზნით, 2018 წლის აგვისტოში შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, მთავრობის წევრების, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის და თვითმმართველობების ასოციაციების შემადგენლობით. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელშიც ხელისუფლების, თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა  შეეძლო ყველა მსურველსა და ექსპერტს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა. 

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის 

საქართველოს მთავრობამ სტრატეგიის მიღებამდეც განახორციელა სტრატეგიის ძირითადი მიზნების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის ნაწილში, 2019 წლიდან თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური რესურსით, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი ფინანსური რესურსი დაუკავშირდა  დამატებითი ღირებულების გადასახადს. ამ ცვლილებით ყველა მუნიციპალიტეტს 13%-ით გაეზარდა დაფინანსება, რაც მომდევნო წელსაც გაგრძელდება. 

სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის პარალელურად, სტრატეგიით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, მუშავდებოდა სამოქმედო გეგმა. 

შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, განისაზღვრება თვითმმართველობებზე გადასაცემი უფლებამოსილებები, დადგინდება მათი გადაცემის ვადები და ფორმები; 2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი განისაზღვრება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7 პროცენტით; დაგეგმილია სახელმწიფო ქონების გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის და  გაიზრდება მუნიციპალიტეტების წილი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებულ შემოსავლებში; გადაიხედება ადგილობრივი მოსაკრებლები; დადგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ქონების ნუსხა, გადაცემის ფორმები და ვადები; გამარტივდება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის ქონების გადაცემის და რეგისტრაციის პროცედურები; 2025 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების მესაკუთრე გახდება შესაბამისი მუნიციპალიტეტი. 

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი. 

2013 წლის შემდეგ თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პროგრესი აღიარა ევროპის საბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში.